weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უკრაინა რუსეთს მარიუპოლში სამშობიაროს და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვაში ადანაშაულებს

00:22 ხუთშაბათი, 10 მარტი 2022
AP Photo/Evgeniy Maloletka AP Photo/Evgeniy Maloletka

საჰაერო დარტყმებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ მარიუპოლში მდებარე სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო გაანადგურა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სულ მცრე 17 ადამიანი დაშავდა.

გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, აფეთქების ეპიცენტრი სამშობიარო და პედიატრიულ განყოფილებებს შორის იყო. გავრცელებულ ფოტოზე ჩანს უზარმაზარი ორმო, რომელიც ბომბის აფეთქების შედეგად წარმოიშვა. მაშველებმა და მოხალისეებმა დანგრეული შენობებიდან ორსული ქალები საკაცეებით გამოიყვანეს. გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც მომხდარს მხეცობა უწოდა, კვლავ მოუწოდა NATO-ს, რომ უკრაინის ცა დახუროს.

„პირდაპირი დარტყმა სამშობიაროზე. ხალხი, ბავშვები ნანგრევების ქვეშ არიან. კიდევ რამდენი ხანი იქნება მსოფლიო ტერორის იგნორირების თანამონაწილე? დახურეთ ცა ახლავე! შეაჩერეთ მკვლელობები! თქვენ გაქვთ ძალაუფლება, მაგრამ, როგორც ჩანს, ადამიანობას კარგავთ“, – დაწერა Twitter-ზე ზელენსკიმ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში საავადმყოფოს დაბომბვაზე კომენტარი არ გაკეთებულა. ომის დაწყების შემდეგ უწყება იმეორებს, რომ რუსი სამხედროები საცხოვრებელ შენობებსა და სამოქალაქო ობიექტებს არ ესვრიან.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 28 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად, 1424 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, რომელთაგან 516 გარდაიცვალა. გაეროს თანახმად, მოკლულთაგან 98 კაცი, 60 ქალი და 13 ბავშვია. 321 გარდაცვლილის სქესი დაუდგენელია. ძირითადად, ისინი საჰაერო დარტყმებს ემსხვერპლნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]